Wednesday, June 27, 2012


  ეზოთერიკა


 .... იქ, სადაც ერთადერთი ზღვარი უსაზღვრობაა,  სადაც ინგრევა ყველა დოგმატური ჩარჩო... შენს წინ იშლება საოცარი სამყარო...  უახლოვდები მას და გრძნობ, როგორ გეკვრის სუნთქვა... როგორ ხდები  თანდათან უმწეო მისი უსაზღვრო სიღრმის, უკიდეგანო მასშტაბების წინაშე.... ეს  ეზოთერიკაა.... ყველაზე სავსე და ამოუწურავი... ყველაზე ფართო და ყველაზე უფრო მეტად წვრილმანობამდე ჩამწვდომი ... ყველაზე ღრმა და იდუმალი...


   შედიხარ მასში და გრძნობ, როგორ იღვრება მისი წიაღიდან  თავისუფლების სიო შენს ფილტვებში, გულში, სულში ... სიცოცხლით გავსებს... და გრძნობ, რომ სადღაც, შენი სულის ყველაზე მდუმარე კუნჭულში, რაღაც ნათდება...  იღვიძებს და შენდაუნებურად აგმოხდება ....  "მე ხომ გიცნობ შენ... ოღონდ... როგორ დამვიწყებიხარ... "  არა ის ძალადობით არ იჭრება შენში... არაფერს გახვევს თავზე... უბრალოდ გიღიმის და ისეთი საოცარი მზერით  ავსებს შენს შინაგან სამყაროს, რომ ბავშვივით ცელქობა გინდება... "ჭიიიტააა... დაგინახე... დაგინახე..." დარბიხარ ბავშვივით მის წიაღში და ყველაფერს გინდა მიედ–მოედო... ხელი მოჰკიდო... გემოც კი გასინჯო... მაგრამ ვერაფერს ხედავ... არადა გრძნობ... რა უცნაური ფერებია...  შეხედე... ლაბირინთები, რომელსაც ფორმა არ აქვს... რა უცნაურია.. "ნამდვილად უნდა შევძვრე" ... 

მაგრამ მოითმინე...  ეს მხოლოდ დასაწყისია... ჯერ ხომ არ იცი სად მოხვდი... ჯერ ხომ არაფერი გინახავს....  აქ ცელქობა არ გამოგადგება... ეს არ არის ბავშვური სათამაშოების სამყარო.. ნუ ეხუმრები მას.... დააკვირდი... ის ბავშვურად გიცინის, მაგრამ როგორი ბრძნული და ღრმა თვალები აქვს... ვერ ატყობ? ის გრძნობის და გონების ნაზავია...  გრძნობის და გონების... იგრძენი და შეიმეცნე... ისე ნაბიჯს ნუ გადაგდგამ... უკვე ხედავ არა? დიახ, ის ითხოვს შენგან თავისუფლებას, მაგრამ არა  გაუაზრებელ თავნებობას...

რაო რას ამბობ?  – "როგორ გიკრძალავთ მოიქცე ისე, როგორც შენ გინდა?... შევხედო  რამხელა ხარ... რომ შენ უკვე ყველაფერი შეგიძლია?, რა უნდა დაგიშავდეს...?"  შეჩერდი...  აქ ამპარტავნობა დამღუპველია ... ეს აზრი მხოლოდ უგუნურს შეიძლება დაებადოს... და თუ ასე იფიქრე, მაშინ უკან დაიხიე... შენ ჯერ მზად არ ხარ... ნუ ეთამაშები მის სიღრმეს, მის უსაზღვრობას არამხოლოდ გაოგნებამდე მოუხიბლავს მნახველი, არამხოლოდ აუყვანია შემეცნების მწვერვალებამდე... არამედ სერიოზულად დაუზიანებია და გაუნადგურებია კიდეც სულიერადაც და ფიზიკურადაც... 

გაგიკვირდა არა? ის ისეთი გულუხვია... მაგრამ არავის პატიობს სისულელეს... გაიცანით ... ეს ეზოთერიკაა


"ეზოთერიკა (ბერძნ. esoterikos – "შინაგანი")– არის საიდუმლო ცოდნათა ერთობლიობა, სხვადასხვა ობიექტების (ადამიანი, სოციუმი, პლანეტები, მსოფლმხედველობა და ა.შ.) მისტიკური არსის შესახებ. ეს ცოდნა მხოლოდ იმ ადამიანთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც შეძლებენ ამ ინფორმაციის აღქმას და შენახვას. ეზოთერიკები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ადამიანის სულში და გარეგან სამყაროში მომხდარი მოვლენების ურთიერთკავშირის პროცესს.


არსებობს ეზოთერიკის საპირისპირო ცნება – ეკზოთერიკა. ეკზოთერიკა (ბერძნ. exoterikos – "გარეგანი")  – ამ ტერმინით მოიხსენიებენ ძირითადად რაიმეს გარე მხარეს, ყველასათვის ხელმისაწვდომ ცოდნას, რომელიც ფართო მასებისთვის არის განკუთვნილი.


ეზოთერიკის და ეკზოთერიკის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ – სუფიზმი (ეზოთერული), რომელიც ისლამის (ეკზოთერული) დაფარულ ცოდნას წარმოადგენს, ნეიდანი დაოსიზმის შიგნით არსებული დაფარული ცოდნაა, იოგა – ინდუიზმის შიგნით არსებული დაფარული ცოდნა, ძენი – ბუდიზმის დაფარული ცოდნა, ისიქაზმი მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაფარული ცოდნა, კაბალა – ინდუიზმის დაფარული ცოდნა.


ეზოთერიზმი ხასიათდება დაფარული, საიდუმლო და ღია, გარეგანი ფორმების დუალიზმით.  რაც არ უნდა განსხვავებული იყოს დაფარული და ღია ფორმები ერთმანეთისაგან, ეზოთერული ხედვთ, ისინი ურთიერთგამომრიცხავები ვერ იქნებიან. განვითარების გარკვეულ ეტაპზე შიდა, დაფარული მხარე  აუცილებლად იქნება ჰარმონიაში გარეგნულთან. 


ეზოთერიზმის დასაწყისად ითველება ჰერმეტიზმი – ტექსტების ნაკრები, რომელიც ჰერმეს ტრისმეგისტრის ტექსტებად არის ცნობილი".


(მადლობა ინტერნეტს)   


  როგორ ერთიანდება ყველაფერი... ხილული და უხილავი... ნუთუ ყველა ხილულის საწყისი რაღაც იდუმალი, უხილავი, ჯერ კიდე ამოუცნობი რაღაც ენერგიაა...და ეზოთერიკა გეუბნება, გასწავლის  რა არის ეს ენერგია... როგორ მოქმედებს... როგორ ვლინდება სხვადასხვა შემთხვევებში.... მართლაც არაა სახუმარო ამბავი... რა დროს ბავშვური ცელქობაა... იპოვო ის, რაღაც საწყისი, რომელიც ყველაფერს ქმნის... და ამავე დროს ამ ყველაფრითაც არის განპირობებული... როგორ გამომადგა ის საგზალი რაც წამოვიღე – ლოგიკა.. კანონზომიერება... უხილავის შეგრძნების  უნარი... 


"სამყაროში ყველაფერი მთლიანობაა, ერთიანი... ხილული და არახილული, ბნელი და ნათელი... სიკეთე და ბოროტება.. მოძებნე მათი ერთობა ... დააკავშირე... გაამთლიანე... და შენ გაიგებ სამყაროს არსს... გაიგებ ვინ ხარ... და რატომ ხარ..." გაისმის ექოსავით... ყველა მხრიდან – შენს შიგნით, შენს გარეთ და იდუმალად მომღიმარე არსება სხვებივით ტოვებს საგზლად გაკვეთილს – "... ყველაფერი მთლიანობაა... გაამთლიანე.." და გვშორდება... 


ამხელა გზის გამოვლის მერე, გვეგონა ეს გზის  დასასრული იყო... მეტი რაღა უნდა გვესწავლა... მაგრამ მთავარი თურმე წინაა ... გამთლიანება... 





.

Wednesday, June 20, 2012

   რელიგია 

     რელიგია... ოღონდ ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვის დანახვისთანავე მუხლებზე ნუ დაემხობით და სინქრონულ პირჯვრისწერას ნუ მოჰყვებით მამაოჩვენოს ძახილით... ნურც მხოლოდ მართმადიდებელი ჯიპიანი მამაოები გაგახსენდებათ, დიდის ამბით სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს რომ ადარებენ თავს... ყველაფერი ხომ მათით არ იწყება და არ მთავრდება...  

     რელიგია... რამხელა ორომტრიალა დაატრიალა ამ ერთმა  სიტყვამ ადამიანთა ცხოვრებაში...  რამდენი სიკეთე და რამდენი ბოროტება გაკეთებულა რელიგიის სახელით... როგორ დაუახლოვებია და როგორ დაუშორებია ადამიანები ერთმანეთსთვის... მისი სახელით  ომებიც წამოწყებულა და ქვეყნებიც დაზავებულან... 
უკიდურესი სიბინძურე და სიწმინდე შეუთავსებია ამ ერთ სიტყვას...

  თავად კი პირქუშად იმზირება საუკუნეების სიღრმეებიდან... სინათლით და სიბნელით გაჯერებული... მდუმარედ მეტყველი... თითქოს მარადისობას შერწყმია მისი მდუმარება ..  


ვინ არის ის..  


ნურც ეცდები, მას ვერ დაინახავ ... თუმცა აუცილებლად იგრძნობ მის გამყინავ, გამჭოლ მზერას, რომელიც ცდილობს შეეხოს ყველაზე ღრმას შენს შიგნით – შენს სულს.. და რაც უფრო მეტად გაოგნებული დგახარ მის წინაშე და ჯერ კიდევ გაკვირვებული აკვირდები, მით უფრო მეტად, თითქოს მტაცებლური ინსტინქტით შეიარაღებული შემოდის შენში და უკვე შენი სულის  სიღრმეებიდან გეჩურჩულება: ... "ნუ ცდილობ დამინახო... ნუ ცდილობ გამიგო.... უბრალოდ... მირწმუნე..." და შენც მონუსხულივით, მონოტონურად იმეორებ მის ბოლო სიტყვებს ... "უბრალოდ მირწმუნე".... 

...უკვე ვეღარ ხედავ გარემოს, ვეღარ გრძნობ მზის სხივის სითბოს, იცრიცება ფერებიც ... მხოლოდ ბუნდოვნად, ჯერ კიდევ გრძნობ, რომ უკვე თავად ის, უჩინარი უცნობი იყურება შენი თვალებით... შენი ყურებით ისმენს... არა.. ის არ ჰგავს იმ მეცნიერებას, რომელიც გავიცანით... მეცნიერება მხოლოდ შენს გონებას ესაუბრებოდა... ხილულად გაჩვენებდა, გიხსნიდა, გასწავლიდა,  ეს კი... რაღაც ისეთია.... უხილავად, გონების მიღმა შემოდის შენში... ნუთუ ეს ისაა, რომელსაც ასე რუდუნებით დაუთმო გზა მეცნიერებამ... 

...რის წინაშე დგახარ...         
"რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”.

ის  მოიცავს ქცევის მორალურ ნორმებს, საკულტო ქმედებებს – რელიგია თავის თავში ატარებს არამხოლოდ რწმენას უმაღლესი, ზეადამიანური სამყაროსა და  ძალებისა, არამედ ადგენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ქცევას მათდამი. 

   მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები არიან  (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).
ქრისტიანობა (1943, 32,8%)
კათოლიციზმი (1027)
პროტესტანტიზმი (316)
მართლმადიდებლობა (214)
ანგლიკანიზმი (64)
სხვა მიმდინარეობები (322)
ისლამი (1165, 19,6%)
სუნიზმი (1050)
შიიზმი (115)
ინდუიზმი (762, 12,8%)
ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
ბუდიზმი (354, 6,0%)
ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
ათეიზმი (150, 2,5%).
(მადლობა ვიკიპედიას)

   როგორ... ნუთუ იმაზე მეტი და დიდებული რამე  არსებობს, ვიდრე მთის ნისლებიდან გამოპარული სიო... საოცარი მრავალფეროვნებით შექმნილი, ათასგვარად მოხატული მდელო... ფერადფერადი ფრინველებით აჟივილხივილებული ტყე...  ვიდრე ზღვებსა და ოკეანეებში ათასგვარად აცელქებული საოცარი ფორმის ბინადარნი...

  ნუთუ იმაზე დიდებული რამ არსებობს, ვიდრე მზის ამოსვლაა... ღამით მთვარის და ვარსკვლავების ციმციმი... თავად კოსმოსზე და გალაკტიკაზე უფრო დიდებული რამეც?

... და თითქოს საიდანღაც, ყრუდ მაგრამ მტკიცედ ისმის .... "არსებობს... ღმერთი"...  
   და მორჩა... დადუმდა, აღარ ხსნის რა არის ის... "ღმერთი", რომელიც თურმე ყველაზე ... ყველაზე...   და ატყობ, თავად შენც, მასავით გადუმებს მისი უკვე შენს შიგნით გადმოსული  უკანასკნელი სიტყვები... "უბრალოდ ირწმუნე"... ის აღარაფერს ამბობს... ვერ ხსნის იმასაც კი, რასაც თავად ეთაყვანება, ვერ ხსნის თუდაც ზევით სურათზე არსებულ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს... ვერ ხსნის, ასე განსხვავებულ რელიგიურ მოღვაწეთ – ბუდას და ქრისტეს, რატომ აღუმართავთ ასე მსგავსად ხელი, ან რას ნიშნავს  მათი თითების საოცრად მსგავსი წყობა... 
რატომ... მას ამაზე პასუხი არ აქვს...    

     მხოლოდ ნამდვილი მაძიებელი უყურებს რელიგიის ამ დუმილს ღიმილით, გააზრებულად ... ხედავს, როგორ ჯადოსნურად მოქმედებს ამ იდუმალ, შეუვალ არსებაზე შეკითხვა – რატომ... როგორ ფერკმთალდება, იცრიცება და უკუდგება ამ კითხვაზე...
   ნუთუ ისიც რაღაცა სხვას უთმობს გზას... ? და უკვე ახალი ცოდნით – უხილავის შეგრძნების უნარით შეიარაღებული ხვდები, რომ ის რაღაც სხვა, უფრო ძველია, უფრო ადრინდელი, ვიდრე ეს ორი... 

   ჩვენც განვაგრძოთ გზა... და საგზლად წამოღებულ, მეცნიერების მიერ გამოტანებულ ლოგიკას და კანონზომიერებას დავამატოთ რელიგიის მიერ ბოძებული  ცოდნა, რომ არსებობს ჯერ კიდევ გაურკვეველი, მაგრამ ხილულისაგან განსხვავებული უხილავი და მისი შეგრძნების უნარი... 
  
  

Monday, June 18, 2012


მეცნიერება

  მაშ ასე... მისი აღმატებულება მეცნიერება...  

მისი მზერა ყველაფრის წვდომის დაჟინებული სურვილით არის სავსე... მიწა, ცა, წყალი, მცენარე, ცხოველი, ადამიანი... მას უნდა, რომ ყველაფერზე   მიუწვდებოდეს ხელი ... მეცნიერება ხილული სამყაროს ფართო მასშტაბებს ეთამაშება... ხუმრობა ამბავია? ამხელა ფართობის წვდომა... აბა სცადე,  თუნდაც აიღე ერთი უცნაური ხელსაწყო... სახელად მიკროსკოპი და ჩაიხედე... დაათვალიერე მასში თუნდაც შენივე ნაწილი – სისხლი... სუნთქვა შეგეკვრება... ეს რეები დარბიან შიგნით, თან როგორ თავნებურად...
     
    დარბიან ჩვენს ამ წითელ სითხეში და სულ არ გვეკითხებიან გვინდა, თუ არა მათი ასეთი სირბილი ჩვენს შიგნით, იქნებ მე მინდა ნელა ისეირნონ, თან სიმღერით? რა კარგი იქნებოდა არა? დადიხარ და შენგან მელოდია იღვრება... შენც არ მომიკვდე... ვის ესმის... ალბათ თავისებურად უკვირთ კიდეც რატომ მიჩნდება ასეთი უცნაური სურვილები... მათ თავისი საქმე აქვთ... სულ არ ადარდებთ ჩემი სურვილები.... მაგრამ მარტო სურვილები? უფრო მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ არც პოლიტიკა ადარდებთ, არც ის, სამარშუტო ტაქსებში რა საშინელ მუსიკას გვასმენინებენ... 


არა... გამალებით მოძრაობენ და აკეთებენ იმას, რასაც მათ მაგივრად და მათზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი ვერ გააკეთებს....ასევე იქცევა ჩვენს შიგნით და არამხოლოდ შიგნით, გარეთაც არსებული ყველაფერი, მთელი ხილული სამყარო უმცირესი უჯრედის ჩათვლით... აბა სცადეთ და აუკრძალეთ თოვლს მოსვლა – რაღაც არ მომწონს შენი ცივი ფიფქები და არ დაგინახო ჩემს ფანჯრებთან ჩამოფარფატებულიო... ბუნება ისეთი ხარხარით გიპასუხებს, შეიძლება   მიწისძვრა მოგენატროს... ეხუმრები ამ ყველაფრის გააზრებას, დალაგებას და აღქმას? სწორედ ამას ცდილობს მეცნიერება ... 



  მეცნიერება მიჩნეულია ადამიანის გონების   განვითარების უმაღლეს ეტაპად, აპოგეად ... უკანასკნელ ნავსაყუდელად, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ და ვენდოთ რაიმეს შეფასების, თუ გააზრების დროს ... მთელ ამ პროცესში მეცნიერების უამრავი დარგია ჩართული, მათ შორის  ჩემი საყვარელი ფილოსოფია და ფსიქოლოგიაც... თუმცაღა ფილოსოფიას, მე პირადად, მეცნიერებას არ მივაკუთვნებდი, თავისი არსით ის ცოტა უფრო განყენებულად დგას მისგან ...



გარკვეულწილად ამასვე ვიტყოდი ფსიქოლოგიაზე, რადგან მისი აღქმა და გამოყენება მხლოდ მეცნიერული ხედვით და მიდგომით, ვფიქრობ არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანს, შედეგად კი მივიღებთ იმას, რასაც "ადამიანის სულის დამახინჯებას" უწოდებენ, ამიტომ ამ მეტად სათუთ და აუცილებელ სფეროს უფრო სხვაგვარი მიდგომაც სჭირდება...    


  ეს ზოგადად, მეცნიერების საკითხზე უფრო დაწვრილებით სასაუბროდ კი გლობალურ ქსელს მივმართოთ....
"მეცნიერება — ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმას წარმოადგენს (სამყაროს მეცნიერული სურათი).


     მეცნიერების საფუძვლად მიჩნეულია მეცნიერული ფაქტების შეკრება, მათი მუდმივი განახლება და სისტემატიზაცია, კრიტიკული ანალიზი, ამ ბაზაზე განხორციელებული ახალი მეცნიერული ცოდნის სინთეზი და მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, მეცნიერული მიდგომის შედეგად იქმნება სხვადასხვა მეცნიერებების თეორიები და ჰიპოთეზები, რომლებიც ფაქტებით ან გამოცდილებით მტკიცდება და  ყალიბდება ბუნების, ან საზოგადოების კანონებად.  მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:
ფორმალური მეცნიერებები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
საზოგადოებრივი მეცნიერებები
კულტურული მეცნიერებები
გამოყენებითი მეცნიერებები".
 (მადლობა ვიკიპედიას) ....


რა მრავლისმეტყველი აღწერაა.... მთელი ამ მშვენიერი სიტყვების დაწურვით ვიღებთ შედეგს – თავისი ხედვით მეცნიერება სამყაროში თვალით დასანახი მოვლენების ცივ, მშრალ, მაგრამ თავისებურ, მათემატკური სიზუსტით აღწერას გვთავაზობს.. მიზეზ–შედეგობრიობის გააზრების ჩათვლით... და საკმაოდ მკვეთრად გამოკვეთს ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს თავისებურ სურათს..

მშვენიერია... მეცნიერების მეშვეობით გავიგეთ, რომ არსებობს გენეტიკა... რისი მეშვეობითაც ამოვხსენით (ერთი საინტერესო ადამიანის სიტყვებით რომ ვთქვა), რატომ ბადებს ადამიანი ადამიანს და არა ზღარბს (ეს როგორც წესი, თორემ ისე ანომალიებიც არსებობს)... ამით ასე, თუ ისე დავადგინეთ როგორ დავიბადეთ... 

გავიგეთ რა ქიმიური მოვლენები ხდება ჩვენ გარშემო... რატომ გრუხუნებს ცაში "რაღაც" და რატომ მოდის წვიმა... და ისიც კი, ნამცხვრის კეთებისას სოდას რომ ვასხამთ ძმარს, რატომ აფუშფუშდება ხოლმე .... გავიგეთ როგორ უბერავს ქარი, როგორ იზრდება მცენარე, თუ ცხოველი... რა მკაცრია ხანდახან ბუნება და ისიც, რომ ამ სიმკაცრეს თავისი მიზეზი ჰქონია, ურომლისოდაც ჩვენი ბუნება არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის...


 გავიგეთ, რა არის ვარსკვლავი, მზე, მთვარე, კოსმოსი ... რატომ "კიდია" ერთი პლანეტა "ჰაერში" და არ ეცემა სხვა პლანეტას.... საერთოდ სიტყვა პლანეტაც გავიგეთ რა ყოფილა და ისიც გავარკვიეთ, რომ ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ისიც პლანეტაა, სახელად "დედამიწა"... ყველაფერი გაგვიგია... აბა რაღა გვადარდებს.. ფეხი ფეხზე გადასადებად გვქონია საქმე... თუმცა...


  ეს ყვეალაფერი გარკვეულწილად დიდ ინფორმაციას იძლევა და მნიშვნელოვანიცაა, მაგამ შემეცნებსთვის არა საკმარისი.... შემეცნებისთვის მეტია საჭირო... თავად მეცნიერებიც ხშირად დამდგარან ამ პრობლემის წინაშე – არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მეცნიერების მიერ ერთხელ აღიარებული ჭეშმარიტება ასევე მეცნიერს, მეცნიერულსავე ხედვით თავდაყირა დაუყენებია, აბსურდად გამოუცხადებია და დაუმტკიცებია კიდეც ეს აბსურდულობა უკვე ახალი მეცნიერული ჭეშმარიტებით... და ასე დაუსრულებლად... 


   მეცნიერული პრობლემები ამით არ მთავრდება. რა ვუყოთ თუნდაც იმ მოვლენებს, რომლებიც თვალით უხილავია? არადა აშკარად არსებობს... მოვლენები, რომლებსაც მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან... ზოგიერთ ამ მოვლენას პარანორმალურიც, ანუ ნორმიდან გადახრილი – ანომალიურიც კი დაარქვეს... 
  რა არის აურა? ტელეკინეზი? ტელეპათია?... ეს კითხვები გადაულახავი კედელივით აღმართულა მეცნიერების წინაშე...  მეცნიერება ჩერდება, ისვენებს...  და შეგნებული ღიმილით, რაფინირებული მანერებით, ზრდილობიანად "უთმობს გზას" რაღაცა სხვას...


  მადლობა ვუთხრათ მას... ის ხომ რაღაც ეტაპზე დაგვეხმარა სამყაროს შეცნობაში.... დავიმახსოვროთ მისი გაკვეთილი – ამ სამყაროში ყველაფერი რაღაცა ლოგიკით არის დალაგებული და რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება... თუმცა არა ყოველტვის ერთნაირს... ეს პრინციპი შეიძლება ჩვენს მოგზაურობაში არაერთხელ შეგვხდეს და დაგვეხმაროს... მაგრამ ამას დაბეტონებულ დოგმად ნუ მივიღებთ, უბრალოდ საგზლად წავიღოთ...   და განვაგრძოთ  მოგზაურობა ..
   
     

Saturday, June 16, 2012

დასაწყისი

   დავიწყეთ... მაგრამ რითი? ამ სამყაროში დაინტერესებული ადამიანისთვის არჩევანის მეტი რა არის..... სულო და გულო, რაც გინდა აირჩიე ინფორმაციის, თუ აზროვნების მიმართულების წყაროდ – რელიგია, მეცნიერების სხვადასხვა დარგები,  ეზოთერიკა... 


სათითაო მათგანს რომ გადახედო, თვალები აგიჭრელდება, თან ყველა მათგანი ამტკიცებს:  "ჩემზე უკეთესი გზა რაიმეს გასაგებად არ არსებობს! მე მომყევი და შემეცნების სხვა საშუალებებს  თავი დაანებეო". თავიდან ეს სიტყვები ძალიან ტკბილად, თბილად ჟღერს ხან მოფერების, ხან დაინტერესების და ხან ჩვენი გადარჩენის სურვილით გაჟღენთილი, მაგრამ მერე უკვე ტონი მკაცრდება – ზოგი მათგანი ანათემაზე გადაცემასაც გვპირდება იმის გამო, რომ სხვა მხარეს გავიხედეთ, ზოგი უბრალოდ გონებაჩლუნგად მიგვიჩნევს ....


 გინდა, არ გინდა თითს რომელიმე მათგანისკენ მაინც გაიშვერ და იტყვი:    
 "დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, ყველას ვფიცავარ სხვაგან არ გავიხედავ და მხოლოდ შენი თვალებით ვუყურებ სამყაროსო" და მორჩა... მივყვებით ამ გზას და გზის სავალზე ისიც კი გვავიწყდება რისთვის დავადექით ამ გზას, ჩვენ ხომ სამყაროს შემეცნება გვნდოდა, ვიკეტებით, ვიზღუდებით ... და სულ გვავიწდება, რომ მთავარი რომელიმე გზის მიმდევრად გადაქცევა კი არა, მთავარი სულ სხვა რამეა....

თუმცა სანამ გავაგრძელებდე, მოდი სჯობს ცოტა მაინც გავიცნოთ თითოეული მათგანი – რა არის თუნდაც რელიგია, ეზოთერიკა ან მეცნიერება  და რა უნდათ ჩვენგან, ან ჩვენ მათგან რას შეიძლება მოველოდეთ...


Friday, June 15, 2012

პირველად იყო სიტყვა?                     

 ამბობენ, თუ რამის     გაგება გინდა, დაკვირებით, გონივრულად, მაგრამ  თამაშ–თამაშით, ბავშვური მიდგომით ყველაზე უკეთესად გაიგებო. ყოველთვის სახალისოდ  მივიჩნევდი ამ მიდგომას და ყველაზე მართებულადაც ვთვლიდი...  რატომღაც  მომინდა ყველაზე ურთულეს საკითხებსაც, დასაწყისისთვის მაინც, ამ მიდგომით შევხებოდი ... ასე დამეწყო... 

ალბათ ყველა დაფიქრებულა, რა იყო ის, პირველი ჰაერის ჩასუნთქვა – დაბადება, რომელსაც რატომღაც ჩვენი მხრიდან ტირილით შევეხმიანეთ, .... როგორც მერე გვითხრეს, ეს უდიდესი მოვლენა ყოფილა....  არადა ჩვენ ვტირით, რა უხერხული შეგრძნებაა, ნეტა რა გვატირებს... ჩვენ ხომ დავიბადეთ... 

დავიბადეთ ... მაგრამ სად ... ალბათ პირველი, რაც დაბადების შემდეგ გავაკეთეთ, იყო შეგრძნება და დანახვა იმისა, რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა...  ვახელთ თვალს ...  და ჩვენს წინაშე იშლება უზარმაზარი, ულამაზესი, მრავალფეროვანი და ცოტა უცნაური სამყარო... სად მოვხვდით? ან რა გვინდა აქ... მართლაც, რა უცნაური გარემოა... რა აღარ დაგხვდა ... კაშკაშა მზე, ნათელი ცა, რომელიც ხანდახან იწყენს და ცრემლები სცვივა  ხოლმე... წვიმს.. ისიც თითქოს ტირის... იქნებ იმიტომ, რომ ჩვენსავით იბადება, ან იქნებ სხვა მიზეზით... 

თუმცა მის ცრემლებს ისეთი სიხარულით ხვდებიან ყვავილები, ბუჩქები, ფოთლები, ხეები. ისინი ამ  ცრემლებით იზრდებიან.. რა უცნაურია, ნუთუ ცამ უნდა იტიროს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყვავილები გაიზარდოს... გაშალოს თავისი ყვავილი და .... აგერ, ფუტკარიც მოფრინავს... ამას რაღა უნდა, ხოოო ის ხომ ყვავილებით საზრდოობს... რა უცნაურადაა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, ნეტა ჩვენ რიღასთვის მოვედით აქ? რამდენი კითხვა იბადება....  

გარშემო კი ყველაფერი მოძრაობს... არ ჩერდება.... გაზრდაც ხომ მოძრაობაა, მოძრაობენ ორფეხები, ოთხფეხები და მრავალფეხებიც , მცენარეები, ფრინველები და ცხოველები  ...  ყველაფერი სიცოცხლეს აფრქვევს .. სიცოცხლეს? ეს რაღააა, ერთი უბრალო სიტყვა... სიცოცხლე, იქნებ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რითაც ყველაფერი დაიწყო....... 

აუცილებლად გავიგებ  საიდან დაიწყო ყველაფერი... რა დაიწყო.. რატომ, ან როგორ... არ ვიცი საიადან დავიწყო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა... მაგრამ ამ პასუხს  აუციებლად ვიპოვი...