Wednesday, June 20, 2012

   რელიგია 

     რელიგია... ოღონდ ძალიან გთხოვთ, ამ სიტყვის დანახვისთანავე მუხლებზე ნუ დაემხობით და სინქრონულ პირჯვრისწერას ნუ მოჰყვებით მამაოჩვენოს ძახილით... ნურც მხოლოდ მართმადიდებელი ჯიპიანი მამაოები გაგახსენდებათ, დიდის ამბით სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს რომ ადარებენ თავს... ყველაფერი ხომ მათით არ იწყება და არ მთავრდება...  

     რელიგია... რამხელა ორომტრიალა დაატრიალა ამ ერთმა  სიტყვამ ადამიანთა ცხოვრებაში...  რამდენი სიკეთე და რამდენი ბოროტება გაკეთებულა რელიგიის სახელით... როგორ დაუახლოვებია და როგორ დაუშორებია ადამიანები ერთმანეთსთვის... მისი სახელით  ომებიც წამოწყებულა და ქვეყნებიც დაზავებულან... 
უკიდურესი სიბინძურე და სიწმინდე შეუთავსებია ამ ერთ სიტყვას...

  თავად კი პირქუშად იმზირება საუკუნეების სიღრმეებიდან... სინათლით და სიბნელით გაჯერებული... მდუმარედ მეტყველი... თითქოს მარადისობას შერწყმია მისი მდუმარება ..  


ვინ არის ის..  


ნურც ეცდები, მას ვერ დაინახავ ... თუმცა აუცილებლად იგრძნობ მის გამყინავ, გამჭოლ მზერას, რომელიც ცდილობს შეეხოს ყველაზე ღრმას შენს შიგნით – შენს სულს.. და რაც უფრო მეტად გაოგნებული დგახარ მის წინაშე და ჯერ კიდევ გაკვირვებული აკვირდები, მით უფრო მეტად, თითქოს მტაცებლური ინსტინქტით შეიარაღებული შემოდის შენში და უკვე შენი სულის  სიღრმეებიდან გეჩურჩულება: ... "ნუ ცდილობ დამინახო... ნუ ცდილობ გამიგო.... უბრალოდ... მირწმუნე..." და შენც მონუსხულივით, მონოტონურად იმეორებ მის ბოლო სიტყვებს ... "უბრალოდ მირწმუნე".... 

...უკვე ვეღარ ხედავ გარემოს, ვეღარ გრძნობ მზის სხივის სითბოს, იცრიცება ფერებიც ... მხოლოდ ბუნდოვნად, ჯერ კიდევ გრძნობ, რომ უკვე თავად ის, უჩინარი უცნობი იყურება შენი თვალებით... შენი ყურებით ისმენს... არა.. ის არ ჰგავს იმ მეცნიერებას, რომელიც გავიცანით... მეცნიერება მხოლოდ შენს გონებას ესაუბრებოდა... ხილულად გაჩვენებდა, გიხსნიდა, გასწავლიდა,  ეს კი... რაღაც ისეთია.... უხილავად, გონების მიღმა შემოდის შენში... ნუთუ ეს ისაა, რომელსაც ასე რუდუნებით დაუთმო გზა მეცნიერებამ... 

...რის წინაშე დგახარ...         
"რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”.

ის  მოიცავს ქცევის მორალურ ნორმებს, საკულტო ქმედებებს – რელიგია თავის თავში ატარებს არამხოლოდ რწმენას უმაღლესი, ზეადამიანური სამყაროსა და  ძალებისა, არამედ ადგენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ქცევას მათდამი. 

   მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები არიან  (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).
ქრისტიანობა (1943, 32,8%)
კათოლიციზმი (1027)
პროტესტანტიზმი (316)
მართლმადიდებლობა (214)
ანგლიკანიზმი (64)
სხვა მიმდინარეობები (322)
ისლამი (1165, 19,6%)
სუნიზმი (1050)
შიიზმი (115)
ინდუიზმი (762, 12,8%)
ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
ბუდიზმი (354, 6,0%)
ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
ათეიზმი (150, 2,5%).
(მადლობა ვიკიპედიას)

   როგორ... ნუთუ იმაზე მეტი და დიდებული რამე  არსებობს, ვიდრე მთის ნისლებიდან გამოპარული სიო... საოცარი მრავალფეროვნებით შექმნილი, ათასგვარად მოხატული მდელო... ფერადფერადი ფრინველებით აჟივილხივილებული ტყე...  ვიდრე ზღვებსა და ოკეანეებში ათასგვარად აცელქებული საოცარი ფორმის ბინადარნი...

  ნუთუ იმაზე დიდებული რამ არსებობს, ვიდრე მზის ამოსვლაა... ღამით მთვარის და ვარსკვლავების ციმციმი... თავად კოსმოსზე და გალაკტიკაზე უფრო დიდებული რამეც?

... და თითქოს საიდანღაც, ყრუდ მაგრამ მტკიცედ ისმის .... "არსებობს... ღმერთი"...  
   და მორჩა... დადუმდა, აღარ ხსნის რა არის ის... "ღმერთი", რომელიც თურმე ყველაზე ... ყველაზე...   და ატყობ, თავად შენც, მასავით გადუმებს მისი უკვე შენს შიგნით გადმოსული  უკანასკნელი სიტყვები... "უბრალოდ ირწმუნე"... ის აღარაფერს ამბობს... ვერ ხსნის იმასაც კი, რასაც თავად ეთაყვანება, ვერ ხსნის თუდაც ზევით სურათზე არსებულ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს... ვერ ხსნის, ასე განსხვავებულ რელიგიურ მოღვაწეთ – ბუდას და ქრისტეს, რატომ აღუმართავთ ასე მსგავსად ხელი, ან რას ნიშნავს  მათი თითების საოცრად მსგავსი წყობა... 
რატომ... მას ამაზე პასუხი არ აქვს...    

     მხოლოდ ნამდვილი მაძიებელი უყურებს რელიგიის ამ დუმილს ღიმილით, გააზრებულად ... ხედავს, როგორ ჯადოსნურად მოქმედებს ამ იდუმალ, შეუვალ არსებაზე შეკითხვა – რატომ... როგორ ფერკმთალდება, იცრიცება და უკუდგება ამ კითხვაზე...
   ნუთუ ისიც რაღაცა სხვას უთმობს გზას... ? და უკვე ახალი ცოდნით – უხილავის შეგრძნების უნარით შეიარაღებული ხვდები, რომ ის რაღაც სხვა, უფრო ძველია, უფრო ადრინდელი, ვიდრე ეს ორი... 

   ჩვენც განვაგრძოთ გზა... და საგზლად წამოღებულ, მეცნიერების მიერ გამოტანებულ ლოგიკას და კანონზომიერებას დავამატოთ რელიგიის მიერ ბოძებული  ცოდნა, რომ არსებობს ჯერ კიდევ გაურკვეველი, მაგრამ ხილულისაგან განსხვავებული უხილავი და მისი შეგრძნების უნარი... 
  
  

No comments:

Post a Comment